ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ

"ჩვენ მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის არჩევნები იყო ისტორიული გადასვლა საპარლამენტო დემოკრატიის ეტაპზე.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირის უმაღლეს წამომადგენელს და ევროკომისარს. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ასოცირების საბჭოს წევრებს ჩართულობისთვის. დღევანდელი საბჭო არის განსაკუთრებული მოვლენა ჩვენს ურთიერთობებში კოვიდის გლობალური პანდემიის დაწყების დღიდან. ნება მიბოძეთ, საქართველოს, როგორც ძლიერი და საიმედო დემოკრატიული პარტნიორის მკაფიო მზადყოფნა გამოვთქვა დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.

საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ გეოპოლიტიკურად დაძაბულ რეგიონში. ჩვენ მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ. გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ ეს რთული და მნიშვნელოვანი გზა გავიაროთ.

ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას ჩვენი მისწრაფებების განვითარებისა და წინსვლის საქმეში. პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტი იყო ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად მიიჩნევს.

ჩვენი განაცხადი და ამბიცია არის, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი. ევროკავშირი საქართველოს განვითარებაში ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი დონორია. ჩვენ ვაფასებთ ამ დახმარებას, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ტექნიკური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პანდემიის შედეგების გადალახვის და რეფორმების განხოციელების კუთხით. ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებას, მიღებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას გულისხმობს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 2020 წლის არჩევნები იყო ისტორიული გადასვლა საპარლამენტო დემოკრატიის ეტაპზე და ნახსენები იყო, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები დაცული იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა კიდევ უფრო დინამიური გახდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, შემცირდეს ფიზიკური დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საქართველოს მეტი შესაძლებლობა სჭირდება უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის.

ჩვენთვის ეტაპობრივი და ინტენსიური ინტეგრაცია იქნება შემდეგი საეტაპო მოვლენა. საქართველო ევროკავშირის კარიბჭეა და მნიშვნელოვანი ალტერნატიული სატრანსპორტო ჰაბი და ეს მიზნები ყველასთვის საერთოა. შავი ზღვის პოტენციალი სრულად უნდა იყოს ათვისებული. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე. მადლობას ვუხდით ევროკავშირს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, და ევროკავშირის მნიშვნელოვანი ძალისხმევა გულისხმობს მონიტორინგის მისიის ჩართულობას და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში.

ჩვენ მივაწოდეთ ევროკავშირს ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევებზე, რომლებსაც აქვს ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ზაზა გაზელაძის დაკავებაზე. მადლობას ვუხდი ჟოზეპ ბორელსა და ოლივერ ვარჰეის და იმედს ვიტოვებ, საქართველოში გიხილოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.