პრემიერი: წყალბურთელები გავიდნენ მსოფლიო სუპერ თასზე, მოხვდნენ მსოფლიოს 8 გუნდს შორის, რაც ისტორიული წარმატებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად ასევე ისაუბრა „ქართული სპორტის ისტორიულ შედეგებზე.“ მან ყურადღება მათ შორის გაამახვილა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებზე, რომელიც მსოფლიო თასის სუპერფინალში, პლანეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.


„შარშან, ქართველმა სპორსტმენებმა 1935 საერთაშორისო მედალი მოიგეს, რაც წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით არის სერიოზული გაუმჯობესება - 450 საერთაშორისო მედლით მეტი. მადლობა თითოეულ სპორტსმენს ამ უდიდესი წარმატებისთვის.


კალათბურთელებს ჰქონდათ ისტორიული შედეგი ევრობასკეტზე, ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ და წყალბურთელები გავიდნენ მსოფლიო სუპერ თასზე, მოხვდნენ მსოფლიოს 8 გუნდს შორის, რაც ასევე ისტორიული წარმატებაა.


ჩვენმა ძიუდოისტებმა ორი კვირის წინ საუკეთესო შედეგი აჩვენეს ევროპის ჩემპიონატზე, შეგახსენებთ, რომ ეს ჩემპიონატი ჩვენს დედაქალაქში ჩატარდა ძალიან დიდი წარმატებით. ძალიან მალე დაიწყება რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე ქალაქში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მან ხაზი გაუსვა, რომ დიდი ყურადღება ეთმობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.


ცნობისთვის, საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს. ტურნირი 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება. მსოფლიო თასის საგზური გუნდმა მალტაში, აპრილში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალში გასვლით მოიპოვა.