სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა, რაც მისი პირველი ვიზიტია 7 ივნისს სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში სახელწოდებით „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე“, რომელიც ეკატერინბურგში, სამრეწველო გამოფენის ფარგლებში გაიმართება.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ეკატერინბურგში უკვე გამართა შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანთან. „მნიშვნელოვანია, რომ სომხეთის მთავრობამ გააგრძელოს რუსეთიდან ინვესტორების საქმიანობისთვის კომფორტული რეჟიმის შექმნა და უზრუნველყოს მათი უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დაცვა,“ - განაცხადა მიშუსტინმა საუბრისას.
თავის მხრივ, ფაშინიანი იმედოვნებს, რომ რუსულ მხარესთან განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებში დაგროვილ პრობლემურ საკითხებს და იპოვის მათი გადაჭრის გზებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, დეტალურად განიხილონ სომხურ-რუსული დღის წესრიგის მთელი სპექტრი.
„ბოლო დროს გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური საკითხი და იმედი მაქვს, რომ ჩვენ განვიხილავთ და მოვაგვარებთ მათ. როგორც [საპარლამენტო] არჩევნებამდე, ასევე [სომხეთში 7 ივნისს], ჩვენ [ანუ სომხეთი] მტკიცედ ვართ მოწადინებულნი, გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარება რუსეთის ფედერაციასთან.
ჩვენ ასევე დაინტერესებულნი ვართ სომხეთის შემდგომი მონაწილეობით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში [(EAEU)] და იმით, რომ უზრუნველყოფილი იყოს EAEU-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მექანიზმების ნორმალურ რეჟიმში მუშაობა. მე მჯერა, რომ ეს კავშირის შემდგომი განვითარების ინტერესებშია,“ - განაცხაადა ფაშინიანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ინარჩუნებს კონსტრუქციულ დამოკიდებულებას და მზადაა არსებითად განიხილოს ორმხრივი თანამშრომლობის ყველა არსებული საკითხი და ნიუანსი.
„ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ შევძლებთ კონკრეტული საკითხების მოგვარებას,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 8 მაისიდან იკავებს. 2018 წლიდან 2026 წლამდე ის რუსეთს 32-ჯერ ეწვია.