აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზია მიანიჭოს.
„პატარა ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ჩვენ მათ Patriot-ების წარმოების უფლებას მივცემთ. ვაჩვენებთ, თუ როგორ აწარმოონ,“ - განაცხადა ტრამპმა საჰაერო თავდაცვის რაკეტებზე საუბრისას.
როგორია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მისეული ხედვა. ტრამპმა მედიის ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინსაც სურს ომის დასრულება და უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი.
როდესაც საუბრობდა იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან მოსკოვში შეხვედრის სურვილი გამოთქვა, ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, წავა თუ არა ის მოსკოვში. „ეს საშიშია, იქ ძალიან ბევრი უკრაინული დრონია“, უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა. ტრამპი დაეთანხმა, რომ მოსკოვში ვიზიტი რთული იქნებოდა.
დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებული დარტყმების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
აშშ-ის პრეზიდენტი დაეთანხმა იმ აზრს, რომ უკრაინის სამხედროების მიერ რუსეთის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ, შორი დისტანციის დარტყმები ომის დასრულებას დააჩქარებს.
„ეს ესკალაციაა, მაგრამ ესკალაცია, რომელმაც შეიძლება, ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს,“ - აღნიშნა ტრამპმა.
მსგავსი აზრი გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მას სჯერა, სამშვიდობო მოლაპარაკების პირობები შეიძლება, უკრაინისთვის უკეთესობისკენ შეიცვალოს.