ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ ავიცრები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რატომ არ აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი მას 29 დეკემბერს დაუდასტურდა შესაბამისად წესისა და ბრძანებულების თანახმად, ის ვაქცინაციას ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ პირდაპირ ეთერში ჩაიტარებს.

„გუშინ არასწორი ინტერპრეტაციები იყო, რატომ არ ავიცერი. იცით, გრიპზე ერთ-ერთი პირველი ვიცრები ხოლმე. დასამალი არ არის, მქონდა კოვიდი, 29 დეკემბერს დამიდასტურდა, ამიტომ როგორც წესია და მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს, უნდა ავიცრა 120 დღის შემდეგ. ანუ როგორც კი 29 დეკემბრიდან 120 დღე გადაითვლება, შემეძლება, პირდაპირ ეთერში ავიცრა. დარწმუნებული იყავით, ამას ნამდვილად გავაკეთებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტიდან კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.