დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სასულიერო პირებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ექიმების გვერდით დადგნენ ვაქცინაციის პროცესში.
გამყრელიძის თქმით, მოსახლეობას მღვდლებისა და სასულიერო პირების სჯერა, ამიტომაც ვაქცინაციის პროცესში უნდა ითანამშრომლონ.
„იცით რა რთული პერიოდი გვქონდა - წინასააღდგომო პერიოდი, აღდგომა, აღდგომის შემდგომი პერიოდი და ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის დამყოლობაში. ახლაც ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს ვთხოვო, მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულადაა დადასტურებული. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ და ამიტომ გთხოვთ, რომ თანამშრომლობა ვაქცინაციის პროცესში ძლიერი იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტიდან კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.