იენს სტოლტენბერგის წლიური ანგარიში: ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ ჯანდაცვის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ გამხდარიყო

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 2020 წელს, მიუხედავად COVID19-ის ეკონომიკური გავლენისა, NATO-ს მოკავშირეები აგრძელებდნენ თავდაცვის სფეროში ინვესტიციების განხორციელებას.

როგორც სტოლტენბერგმა 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის ვირტუალური წარდგენისას განაცხადა, COVID-19 პანდემიის წელს ალიანსის პრიორიტეტი იყო, რომ ჯანმრთელობის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ გამხდარიყო.

მისივე თქმით, ალიანსი განაგრძობდა ყველა მოკავშირის დაცვას ნებისმიერი საფრთხისგან.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მიუხედავად COVID19- ის ეკონომიკური გავლენისა, NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ თავდაცვის სფეროში ინვესტიციების განხორციელებას. ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის ხარჯები რეალურ პირობებში 3.9% -ით გაზარდეს.

,,ჩვენ ველოდებით, რომ ტენდენცია გაგრძელდება წელს, რადგან უსაფრთხოების გამოწვევები არ გამქრალა”, - თქვა გენერალურმა მდივანმა. რუსეთი, ტერორიზმი, ჩინეთის გაძლიერება და კლიმატური ცვლილებები, სტოლტენბერგმა NATO-სთვის მთავარ საფრთხეებად კვლავ დაასახელა.