აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის ფედერალური რეესტრის ცნობით, მოთხოვნები ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც ბიზნესისა და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა.
2025 წელს ამოქმედებული სავიზო დეპოზიტის პროგრამის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე შეფასებამ უწყებას საკმარისი მონაცემები მიაწოდა, რათა დაასკვნას, რომ პროგრამა სავიზო პირობების დაცვას ეფექტიანად უზრუნველყოფს და ის მუდმივი გახდეს.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში, დეპოზიტის ოდენობა 5000, 10000 ან 15000 დოლარი იყო, თუმცა პროგრამის საბოლოო რეგულაციით 5000 დოლარის ოდენობის დეპოზიტი უქმდება და მისი მაქსიმალური ოდენობა 20 000 დოლარით განისაზღვრება.
„საკონსულოს თანამშრომლებმა შეიძლება, არასაიმიგრაციო ვიზებზე განცხადების შემტანებისგან 20 000 აშშ დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოითხოვონ ვიზის გაცემის პირობად, როგორც ეს განსაზღვრულია საკონსულოს თანამშრომლების მიერ,“ - ნათქვამია შეტყობინებაში.
აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამის საბოლოო რეგულაცია 3 აგვისტოს ამოქმედდება.
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხსენებული პოლიტიკის მიზანია ვიზების ვადის გასვლის შემთხვევების შემცირებას. უფლებადამცველების შეფასებით კი, ეს დააბრკოლებს შეერთებულ შტატებში კანონიერად მოგზაურობას. ამასთან, მათივე შეფასებით, „იმიგრაციის კანონების გამკაცრების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აგრესიული ზომები არღვევს სიტყვის თავისუფლებას და სათანადო სამართლებრივ პროცედურას, ქმნის არაუსაფრთხო გარემოს ეთნიკური უმცირესობებისთვის და ხელს უწყობს რასობრივ პროფილირებას. ტრამპი იცავს ამ ზომებს და ამტკიცებს, რომ ისინი აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.“
„თავის მხრივ, ტრამპი აცხადებს, რომ არალეგალური იმიგრაციის შეზღუდვა სურს. მისმა ადმინისტრაციამ გაართულა ლეგალური იმიგრაცია, მაგალითად, გარკვეული ვიზების მსურველთათვის ახალი და ძვირადღირებული გადასახადების დაწესებით და ქვეყანაში უკვე მყოფი განმცხადებლებისა და იმიგრანტებისთვის სოციალურ მედიაში შემოწმებების შემოღებით,“ - წერს Reuters-ი.
ცნობისათვის, აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელი ქართველებისთვის ყალბი სავიზო დოკუმენტების შექმნის საქმეზე ბრალდება გასულ თვეს კიდევ 4 ადამიანს წაუყენეს. მანამდე მსგავს საქმეზე პროკურატურამ სამი ადამიანი დააკავა და კიდევ ექვსის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. საქართველოს პროკურატურის თანახმად, "ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოავლინეს.