საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მისაღებად $5 000-დან $15 000-მდე დეპოზიტის გადახდა დასჭირდებათ

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, 12 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო დაამატა იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად, 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ.


2 აპრილიდან, კამბოჯის, ეთიოპიის, საქართველოს, გრენადის, ლესოთოს, მავრიკიის, მონღოლეთის, მოზამბიკის, ნიკარაგუის, პაპუა-ახალი გვინეის, სეიშელისა და ტუნისის პასპორტის მქონე პირებს მოეთხოვებათ ბონდის (დეპოზიტის) გადახდა, რომელიც მოქალაქეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ვიზის განაცხადი უარყოფილია, ან თუ ვიზა გაიცემა და პირი დაიცავს მის პირობებს.


2 აპრილის შემდეგ, უკვე 50 ქვეყნის მოქალაქე დაექვემდებარება ამ მოთხოვნას. ეს პროგრამა გასულ წელს შემოიღო ტრამპის ადმინისტრაციამ, რათა ვიზის ვადის გადაცილების ფაქტები და უფრო ფართოდ, არალეგალური მიგრაცია შეეზღუდა.


პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრული ქვეყნებიდან ვიზის მსურველებს, რომელთა შორის ბევრია აფრიკის ქვეყანა და სადაც ვიზის ვადის გადაცილების მაღალი მაჩვენებელია, მოეთხოვებათ 5,000, 10,000 ან 15,000 დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა — რაც დამოკიდებულია მათ მდგომარეობასა და იმ კონსულის გადაწყვეტილებაზე, რომელიც განაცხადს განიხილავს.


„პროგრამამ უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა — მნიშვნელოვნად შეამცირა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ვიზის ვადას აჭარბებენ და არალეგალურად რჩებიან აშშ-ში,“ — განაცხადა დეპარტამენტმა.


სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ თითქმის 1000 ადამიანიდან, ვინც დეპოზიტი გადაიხადა, დაახლოებით, 97%-ს ვიზის ვადისთვის არ გადაუჭარბებია.