„თალიბანის“ დელეგაცია მოლდოვაში ჩავიდა — ხელისუფლება აცხადებს, რომ ოფიციალური კონტაქტები არ იგეგმება

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში „თალიბანის“ მთავრობის სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მეცხოველეობის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. ამასთან, უწყების განცხადებით, დელეგაციის წევრებთან ოფიციალური შეხვედრები არ გაიმართება. უწყების განმარტებით, დელეგაციის წევრები საერთაშორისო სანქციების სიაში არ იმყოფებიან.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი ადგილობრივ სოფლის მეურნეობის მწარმოებლებსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ დაიგეგმა. განხილვის საგანი იყო ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობა. მოლდოვის ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა არ აღიარებს ავღანეთში „თალიბანის“ ხელისუფლებას. ამიტომ, დელეგაციის წარმომადგენლებთან არც ორმხრივი შეხვედრები და არც სხვა ოფიციალური კონტაქტები არ იგეგმება. ამასთან, მთავრობამ დაიწყო იმის გარკვევა, როგორ გაიცა მოწვევები და ვიზები და რამდენად იყო დაცული შესაბამისი შიდა პროცედურები.


ვიზიტის შესახებ „თალიბანის“ ხელისუფლების სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პლატფორმა X-ზე განთავსებულ პოსტში აღნიშნულია, რომ დელეგაციამ „დაიწყო ოფიციალური ვიზიტი ევროპაში, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მრეწველობის სამინისტროს ოფიციალური მიწვევით.“


მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა „თალიბანის“ დელეგაციის ვიზიტი, მაგრამ უარყო, რომ გაიმართება ოფიციალური შეხვედრები.


ცნობისთვის, ევროკავშირი ოფიციალურად არ აღიარებს „თალიბანის“ ხელისუფლებას. მიუხედავად ამისა, 2026 წლის ივნისში ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებმა პირველად გამართეს შეხვედრა „თალიბანის“ დელეგაციასთან. დახურულ მოლაპარაკებებზე განხილული იყო საკონსულო მომსახურება და ევროპიდან ავღანეთის მოქალაქეების „ღირსეული დაბრუნების“ საკითხი.


15 აგვისტოს სრულდება ხუთი წელი მას შემდეგ, რაც „თალიბანი“ მმართველობაში დაბრუნდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ გამოაქვეყნა სტატია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. 


„ხუთი წელიწადია, ავღანელები, განსაკუთრებით - ქალები და გოგოები იმყოფებიან რეპრესიებისა და ძალადობის ქვეშ. საერთაშორისო რეაგირება ბოლოსდაბოლოს უნდა მოვიდეს შესაბამისობაში კრიზისის მასშტაბთან და შეწყვიტოს ავღანელების დეპორტაცია, დაიცვას საფრთხეში მყოფი ავღანელები და უზრუნველყოს ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსების მდგრადობა,“ - განაცხადა ორგანიზაციის ავღანეთის მკვლევარმა ფერეშთა აბასიმ.