საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა.
„ობიექტების შესაძლებლობებსა და სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებს გავეცანი. ხაზი გავუსვი ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურისა და ტერმინალების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული. პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი ბათუმის პორტისთვის სარეკორდო იქნება ტვირთბრუნვის კუთხით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ფოთის პორტი. აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე. 2029 წლისთვის უკვე დაგეგმილია ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება და პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოების დასრულება,“ - წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, 2021 წლის 11 ივნისს, ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ბაზართან აკავშირებს.
ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორია ამერიკული გიგანტი Trammo, რომლის მიერ განხორციელებული პროექტიც აჭარაში პირველ მსხვილ ამერიკულ პირდაპირ ინვესტიციას წარმოადგენს.
მინერალური სასუქების მულტიმოდალური ტერმინალი წარმოადგენს სტრატეგიული ლოგისტიკური კვანძია, რომელიც შუა დერეფნის (Middle Corridor) სატრანზიტო მარშრუტის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
ტერმინალი წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს.
ბათუმის მინერალური სასუქების მულტიმოდალური ტერმინალი არის უმსხვილესი პროექტი, რომელიც აშშ-ის, უზბეკეთისა და საქართველოს პარტნიორობის სიმბიოზია.