სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში [CSTO] თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.
„არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნულ თემას ეროვნულ ასამბლეაში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის განხილვისას შეეხო.
პრემიერ-მინისტრმა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ორგანიზაციიდან სომხეთის გამოსვლის სავარაუდო შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სომხეთს ორგანიზაციისგან არანაირი პასუხი არ მიუღია, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი ამოწურულია.
„მომდევნო 5 წლის განმავლობაში CSTO-ში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს. დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა — ჩვენ CSTO-ში ჩვენს საქმიანობას არ გავააქტიურებთ. ვიცი, რომ მიმდინარეობს განხილვები და შესაძლოა, ქვეყანა ორგანიზაციიდან გარიცხონ. ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ.
ეს გაგვათავისუფლებს გამოსვლა-არგამოსვლის დილემისგან,“ — აღნიშნა ფაშინიანმა და განმარტა, რომ მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამაში ამ ორგანიზაციის შესახებ არცერთი მოხსენიება არ არის.
სომხეთმა 2024 წლის თებერვლიდან გაყინა თავისი მონაწილეობა CSTO-ს საქმიანობაში.