სომხეთი უარს ამბობს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის (CSTO) დაფინანსებაზე

სომხეთი არ მიიღებს მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) დაფინანსებაში, განაცხადა ერევანმა 8 მაისს.

Factor.am-თან საუბრისას, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ სომხეთი არ შეიტანს წვლილს CSTO-ს 2024 წლის ბიუჯეტში, რომელიც გასული წლის ნოემბერში მიიღეს. CSTO, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, მოიცავს რუსეთს, სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს.


2018 წლის რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა სტაბილურად ამყარებს კავშირებს დასავლეთთან, ხოლო რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. ფაშინიანი ცდილობდა უსაფრთხოების კავშირების დამყარებას სხვა ქვეყნებთან, როგორიცაა, საფრანგეთი, აშშ და ინდოეთი. ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთი კიდევ უფრო ცდილობდა რუსეთისგან დისტანცირებას და არაერთხელ მოიხსენიებდა მოსკოვს არასანდო პარტნიორად.


ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.


უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს.