დავით ზალკალიანი: ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირი არანაირ ადრეულ არჩევნებს არ განიხილავს.

„ძალიან მკაფიო განცხადება გაკეთდა და მგონი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს, რომ ეს არჩევნები აღიარებულია. საქართველოში ჩატარებული არჩევნები აღიარა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის დღევანდელი განცხადება მიანიშნებს, რომ ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს და მან კიდევ ერთხელ მოიყვანა მაგალითად ის დასკვნა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. მე ვფიქრობ, რომ არჩევნების თემა ერთხელ და სამუდამოდ დღის წესრიგიდან მოხსნილია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის.