მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდის

რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა, ფიქრობს."


„მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა. პრინციპში, პოლიტიკაც. ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა.


მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევrს, თითოეულ ლიდერს ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე. თითოეულ მათგანს, ყველას უკლებლივ თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რა დონეზეც ჩვენ დღეს ამაყად შეგვიძლია, ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამ სიტყვებს — არასდროს საქართველოში არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ, ქართველების, ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს შესახებ და დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს.


ამიტომ მე მადლიერი ვარ ყველა ამ გადაწყვეტილების, რითაც ამ საერთო, დიდი საქვეყნო მიზნისკენ მივდიოდით. მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო, ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ ათი წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის რაღაც შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, არის ურთულესი. და არ არის მარტივი ამბავი და მინდა, დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე. ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ეს ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან,“ - განაცხადა მდინარაძემ.


კითხვას, თუ რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, მდინარაძემ უპასუხა, რომ მას ურჩევნია, „გაიწიოს.“


ის ამბობს, რომ გუშინ, 26 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, ხოლო დღეს, 27 აგვისტოს დილით — ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს.


„ამ ეტაპზე, მე არ გეუბნებით, რომ დაბრუნებას ვაპირებ, თუმცა თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები. აქედანვე გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ გვერდებიდან შემოჩოჩებას რომ ცდილობენ ხოლმე პოლიტიკაში, ეს ჩემგან არ იქნება. ჩემი სტილი რომ არაა, ალბათ, ბევრი ამაში დარწმუნებული ბრძანდებით.


რომ მეფიქრა, რომ რეგიონებს ვინც მიხედავს, ასეთი ჩემ გარდა არავინაა ამ გუნდში, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. წუხელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, დღეს დილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ სამ ადამიანს შორის შედგა ეს საუბარი, რომ მე მირჩევნია, გავიწიო, შესაბამისი ასაკის შვილები მყავს, რაც შეიძლება გარეთ დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს.


ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა, ნამდვილად იყო ჩემი ინიცირებული. ასევე, შემიძლია გითხრათ, ბატონი ირაკლისა და ბატონი ბიძინასგან არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე სჯობდა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


ის ამბობს, რომ შეიძლება, ძალები კერძო სექტორში „მოსინჯოს.“