აშშ-ის მთავრობამ TRIPP+ საინვესტიციო ფონდისთვის გამოყოფილი დაფინანსება 201 მილიონი დოლარიდან 402 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ Armenpress აშშ-ის მთავრობის ხარჯების ოფიციალურ მონაცემთა ბაზაზე (USAspending.gov) დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, სომხეთი აღნიშნულია, როგორც ამ პროექტისთვის გამოყოფილი თანხების ძირითადი მიმღები.
ეს დაფინანსება დაკავშირებულია ინიციატივას — Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP) („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“), რომელიც ითვალისწინებს სომხეთის რესპუბლიკის სამხრეთით გამავალი სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას, რათა სამხრეთ კავკასია ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს დაუკავშირდეს.
16 ივლისს ცვლილება ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის მთავრობამ აიღო ვალდებულება, TRIPP+ Enterprise Fund-ს 402 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყოს. თანხა ეტაპობრივად უნდა დაიხარჯოს თითქმის 11 წლის განმავლობაში — 2036 წლის 31 დეკემბრამდე.
TRIPP+ Enterprise Fund და TRIPP Development Company სხვადასხვა ორგანიზაციაა. TRIPP Development Company უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, ხოლო TRIPP Development Company-მ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ეგიდით უნდა იმოქმედოს.
როგორც სტატიაში ნათქვამი, აშშ-ის მიერ დაფინანსება იმ პერიოდში იზრდება, როდესაც ვაშინგტონი ცდილობს, გააფართოოს თავისი მონაწილეობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში, ასევე ხელი შეუწყოს პროექტებს, რომლებიც რეგიონს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანთან დააკავშირებს.
ინიციატივის ავტორთა შეფასებით, TRIPP-ის მარშრუტის განხორციელებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ რეგიონულ ვაჭრობასა და ლოგისტიკაზე, არამედ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ გარემოზეც.