ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, NATO-ს გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს დრონი, რომელიც ღამით ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
ოფიციალური პირების თქმით, დრონი, სავარაუდოდ, მეზობელი ბელორუსიდან ლიეტუვის სამხრეთ ნაწილში — ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ კაუნასთან — სამშაბათს, შუაღამის შემდეგ მალევე შევიდა.
კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, დრონის წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია.
ვარაუდობენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც NATO-ს თვითმფრინავმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო.
სამშაბათს, დღის პირველ ნახევარში, დედაქალაქ ვილნიუსსა და მიმდებარე რეგიონში დრონთან დაკავშირებული განგაშის სიგნალები გაისმა.
ადგილობრივი დროით, შუაღამის შემდეგ მალევე (21:00 GMT) რეგიონში მცხოვრებთა ტელეფონებზე გაიგზავნა შეტყობინებები, რომლებიც დრონის შესაძლო შემოჭრის შესახებ აფრთხილებდა მოსახლეობას და მოუწოდებდა მათ, „უსაფრთხო ადგილი მოეძებნათ.“
რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას NATO-ს წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში, ფინეთში, რუმინეთსა და პოლონეთში და ასევე, მოლდოვაში არაერთხელ შეიჭრნენ რუსული დრონები.
იყო შემთხვევებიც, როცა სხვა სახელმწიფოების, მათ შორის ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეებში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეაღწიეს. კიევში განაცხადეს, რომ ეს დრონები კურსს ასცდნენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად.