BBC: რუსეთის არჩევნებს დიდი სიურპრიზები არ მოჰყოლია, თუმცა გადამწყვეტია, როგორ გამოიყენებს კრემლი მიღებულ შედეგებს

BBC


რუსეთის არჩევნებმა დიდი სიურპრიზები არ მოიტანა, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ გამოიყენებს კრემლი მიღებულ შედეგებს. კრემლის მიერ მკაცრად კონტროლირებად პოლიტიკურ სისტემაში ფართოდ იყო მოსალოდნელი, რომ მმართველი პარტია — „ერთიანი რუსეთი“ — პარლამენტში უმსხვილეს ძალად დარჩებოდა და მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვებდა.


წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტ პუტინის მხარდაჭერის მქონე „ერთიანი რუსეთი“ სახელმწიფო სათათბიროში (დუმაში) საკონსტიტუციო უმრავლესობას, წინა არჩევნებთან შედარებით, კიდევ უფრო მეტი მანდატით შეინარჩუნებს.


პარტიები, რომლებიც მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ლიდერს, მაგრამ 5%-იანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტში მოხვდნენ, წინა მოწვევის პარლამენტშიც იყვნენ წარმოდგენილნი. 

პარტია „იაბლოკო“ პარლამენტში ვერ მოხვდა. „იაბლოკო“ იყო ერთადერთი, ომის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს, თუმცა  კენჭისყრისთვის რეგისტრაციის გავლიდან სულ რაღაც 12 დღეში, უზენაესმა სასამართლომ პარტია საარჩევნო სიიდან ამოიღო. ხელისუფლება შიშობდა, რომ „იაბლოკოს“ მშვიდობის მომხრე გზავნილი საზოგადოებაში სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იძენდა.


მიუხედავად იმისა, რომ „იაბლოკო“ პარტიული სიიდან ამოიღეს, მისმა დაახლოებით ასმა კანდიდატმა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა მაინც განაგრძო. წინასწარი მონაცემებით, მანდატი ვერცერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა. პარტია აცხადებს, რომ მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.


კენჭისყრის ბოლო დღის წინა დღეს უკრაინამ მოსკოვის მიმართულებით დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. მოსკოვის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა, დედაქალაქში კი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს. 


შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი უკვე მეხუთე წელს ითვლის. ამ არჩევნების შედეგი წინასწარ იყო ცნობილი. გაცილებით ბუნდოვანია, რა მოხდება შემდეგ. სავარაუდოდ, კრემლი ამ შედეგს იმის მტკიცებისთვის გამოიყენებს, რომ რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობამ პრეზიდენტს მხარი დაუჭირა; ამავდროულად, ეს საფუძვლად დაედება სამომავლო პოლიტიკისა და ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული შემდგომი გადაწყვეტილებების გამართლებას.