ლატვიამ უსმანოვისა და ფრიდმანისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნის გეგმა დაბლოკა

ლატვია მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას, თუმცა არ ეთანხმება გარიგებას, რომლის მიხედვითაც, ამის სანაცვლოდ რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი სანქციების სიიდან უნდა ამოიღონ.


ლატვიის პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის განცხადებით, ლატვიამ მხარი არ დაუჭირა ირლანდიის თავმჯდომარეობის მიერ მომზადებულ გადაწყვეტილების პროექტს.

„ვითარება რთულია. სანქციების ვადის გაგრძელება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობას მოითხოვს. თუ დადგენილ ვადამდე შეთანხმება ვერ შედგება, საფრთხის ქვეშ დადგება სანქციების შენარჩუნება მთელი სიისთვის და არა მხოლოდ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანისთვის. სანქციების ვადის 36 თვით გახანგრძლივება სწორი ნაბიჯი იქნება, თუმცა, ამის საფასური არ უნდა იყოს აღნიშნული ორი პირის სანქციების სიიდან ამოღება. ლატვია ასეთ წინადადებას ვერ მიიღებს,” - აცხადებს ლატვიის პრემიერი.


კულბერგსის თქმით, ლატვია გააგრძელებს მუშაობას ბრიუსელსა და პარიზთან ლატვიის ინტერესების შესაბამისი გამოსავლის პოვნის მიზნით.

“საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟესთან ერთად ვიმუშავებთ ბრიუსელსა და პარიზთან, რათა ვიპოვოთ ლატვიის ინტერესების შესაბამისი გამოსავალი. ვეცდებით, მოვიპოვოთ ევროკავშირში მხარდაჭერა ლატვიის პოზიციისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით, ხვალისთვის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოვიწვიე,” - აცხადებს ლატვიის პრემიერი. მისივე თქმით, ვიდრე რუსეთი ომს აგრძელებს, ევროპის ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.


„ევრონიუსი“ გასულ კვირას წერდა, რომ საფრანგეთი ალიშერ უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას ცდილობს, რათა აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლებას მიაღწიოს. უსმანოვი რუსეთის გარდა უზბეკეთის მოქალაქეა, სადაც ის დაიბადა.