იტალია თითქმის 40 წლის შემდეგ ატომური ენერგიის წარმოებას აღადგენს — სენატმა კანონი დაამტკიცა

იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც ქვეყანაში ბირთვული ენერგიის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძველს ქმნის — თითქმის 40 წლის შემდეგ, რაც 1987 წლის რეფერენდუმის შედეგად იტალიამ ბირთვულ ენერგიაზე უარი თქვა.


იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მემარჯვენე მთავრობა ცდილობს, ეკონომიკა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებით გამოწვეული ენერგიის ფასების ზრდისგან დაიცვას და უცხოურ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს.


„მდგრადი ბირთვული ენერგია, განახლებად ენერგიასთან ერთად, იტალიას უსაფრთხო, დამოუკიდებელ და კონკურენტუნარიან ქვეყნად აქცევს,“ — განაცხადა კენჭისყრის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა ჯილბერტო პიჩეტო ფრატინმა.


იტალია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, საფრანგეთში, ბირთვული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. თუმცა ბირთვული ენერგიის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების საკითხები და ახალი რეაქტორების მშენებლობისთვის საჭირო ხანგრძლივი პერიოდი ამ სექტორის აღდგენის შესაძლო სარგებელს გადაწონის.


იტალიელები ამ საკითხზე კვლავ გაყოფილები არიან. Demopolis-ის მიერ ივნისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 51% ბირთვული ენერგიის წარმოების განახლებას მხარს უჭერს, თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება.


გასულ წელს, როდესაც მთავრობამ გეგმა წარადგინა, მისი შეფასებით, 2050 წლისთვის იტალიის ენერგეტიკულ ბალანსში ბირთვული ენერგიის მინიმუმ 11%-იანი წილი დეკარბონიზაციის ხარჯებს 17 მილიარდი ევროთი (19 მილიარდი დოლარით) შეამცირებდა.


იტალიის ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის მიხედვით, ბირთვული ენერგიის წილმა საბოლოოდ შესაძლოა, 22%-ს მიაღწიოს.


კანონი მთავრობას 12-თვიან ვადას აძლევს ბირთვული ენერგიის წარმოების განახლებისთვის საჭირო აღმასრულებელი აქტების მისაღებად. კანონში ასევე გათვალისწინებულია ძველი ობიექტების ექსპლუატაციიდან გამოყვანისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის საკითხები.


ცენტრისტულ-მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიებმა კანონპროექტს ძირითადად მხარი არ დაუჭირეს და მთავრობას მოუწოდეს, ახალი რეაქტორებისთვის დამატებითი მიწის ნაკვეთები არ გამოყოს.


„ნებისმიერი ახალი ატომური ელექტროსადგური, პირველ რიგში, უკვე განვითარებულ, დეგრადირებულ ან ყოფილი სამრეწველო საქმიანობის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე უნდა განთავსდეს, რათა დამატებითი მიწის რესურსის ათვისება არ გახდეს საჭირო,“ — განაცხადა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ სენატორმა ელენა სირონიმ.