როგორ იმოქმედებს სომხეთი, თუ რუსეთი გაზის ფასს გაზრდის

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმა კომენტარი გააკეთა იმ ვარაუდებზე, რაც რუსული იმპორტირებული გაზის ფასის შესაძლო ზრდას უკავშირდება. სიმონიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ როგორ იმოქმედებს სომხეთის ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაზის ფასის გაზრდას გადაწყვეტს.


„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და კვლავაც ვიცავთ პოზიციას, რომ გვყავს ოთხი მეზობელი ქვეყანა და თუ მეხუთე ქვეყანა შემოგვთავაზებს გაზის ტრანზიტს, ამ წინადადებას განვიხილავთ. გაზის ფასი პოლიტიკურ კომპონენტსაც მოიცავს. ჩვენ არ ვართ და არც მომავალში ვიქნებით მზად, დამოკიდებულნი ვიყოთ ერთ მილსადენზე ან ზეწოლის ერთ ბერკეტზე; ჩვენ გავაგრძელებთ სომხეთის ეკონომიკის ყველა სექტორის დივერსიფიკაციის პროცესს,“ — განაცხადა სიმონიანმა.


უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი ქვეყანაა. 


„სომხეთის რესპუბლიკა შეინარჩუნებს სუვერენიტეტს. რუსეთის ფედერაციაში ჩვენი პარტნიორებიც მუდმივად აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების მიღება ჩვენი სუვერენული უფლებაა. სომხეთის რესპუბლიკას საკუთარი ინტერესები არც დაუთმია და არც დათმობს,“ — განაცხადა სიმონიანმა.


ამჟამად სომხეთში ერთ კუბურ მეტრ გაზში 143,7 დრამს იხდიან, ხოლო სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის მოქმედებს სუბსიდირებული ტარიფი — 100 დრამი.


ცნობისთვის, 14 სექტემბერს რუსულმა გაზის კონცერნმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ სომხეთს გაზის მიწოდება შეუწყდებოდა 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე. ოფიციალურ მიზეზად რუსეთის ტერიტორიაზე „სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა“ დასახელდა. გაზის მიწოდება უკვე აღდგა. სომხეთი გაზის უდიდეს ნაწილს რუსეთიდან იღებს: 2026 წელს რუსულმა ბუნებრივმა აირმა შეადგინა სომხეთის მიერ მოხმარებული აირის 82%.


11 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი გაზის წყაროების დივერსიფიკაციის სტრატეგიის რეალიზებას იწყებს და ეს პროცესი არ იქნებოდა დამოკიდებული რუსული გაზის ახალ ფასზე, რომელიც „გაზპრომმა“ 2027 წლისთვის უნდა დაადგინოს.


სომხეთისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება „გაზპრომსა“ და მის შვილობილ სტრუქტურას, სს „გაზპრომ არმენიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტრანზიტი კი საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება. სომხეთს აქვს მიწისქვეშა გაზსაცავი, რომელიც ერევანს “გაზსადენის რემონტით“ გამოწვეული კრიზისის შერბილებაში ეხმარება.