აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური სანქციებისა და სავაჭრო ტარიფების ამოქმედება შეაჩერა.
სანქციები აშშ-ის კონგრესმა მიიღო, დოკუმენტს ტრამპმა 18 სექტემბერს მოაწერა ხელი, ახალი შეზღუდვების ამოქმედების ვადა კი 18 ოქტომბერს იწურებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლის თანახმადაც, ზოგიერთი სანქციის შეჩერება აშშ-ის „ეროვნულ ინტერესებში“ შედის; ამ ნაბიჯმა ამერიკელი კანონმდებლების მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია. რუსეთის ელჩმა კირილ დმიტრიევმა შეღავათების გაუქმებას „მნიშვნელოვანი და ჭეშმარიტად ისტორიული მომენტი“ უწოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „ლინდსი გრემის კანონს“ ომის დასრულების მიზნით რუსეთზე მნიშვნელოვანი ზეწოლა უნდა მოეხდინა.
„ამ კანონს უზარმაზარი დახმარების გაწევა შეეძლო და ახლაც შეუძლია! თუმცა საჭიროა, რომ მან რეალურად იმუშაოს და ამისთვის მისი მხარდამჭერი თითოეული ხმა მნიშვნელოვანია,“ - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, რუსეთს ზამთრის წინ უკრაინაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა სურს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმ დროს, როდესაც რუსებმა ჩვენს ენერგოსექტორზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს, სამწუხაროდ, ამერიკაში „ლინდსი გრემის კანონის“ სრულად უგულებელყოფის გადაწყვეტილებაა მიღებული.
„აშშ-ის სანქციების შეჩერება, აგრესორზე ზეწოლის შესუსტება, პუტინის ფინანსური წახალისება - ეს ყველაფერი მას შემდგომი თავდასხმებისკენ უბიძგებს. პოზიციები არ უნდა დავთმოთ და ომის დასრულების მცდელობა უნდა გავაგრძელოთ. პუტინს არ უნდა მივცეთ მიზეზი, რომ ის დაუსრულებლად გააგრძელოს,“ - აცხადებს ზელენსკი.
რამდენიმე დღის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთიც და უკრაინაც შეთანხმდნენ „ენერგეტიკულ ზავზე“, ორივე ქვეყანა ინტენსიურად უტევს ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის განცხადებით, ეს კეთდება რუსეთის „სამხედრო მანქანის“ შემოსავლების შესამცირებლად, ხოლო მოსკოვი ამტკიცებს, რომ სამიზნეში მხოლოდ ის ობიექტებია, რომლებსაც უკრაინის სამხედრო ძალები იყენებენ.
თავდაპირველად ზელენსკიმ გაკვირვება გამოხატა ტრამპის განცხადების გამო და აღნიშნა, რომ კიევი შეწყვეტდა დარტყმებს, თუ რუსეთიც ანალოგიურად მოიქცეოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სამი დღის განმავლობაში რუსეთმა რამდენჯერმე განახორციელა ახალი თავდასხმები, კიევმაც განაახლა დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
ტრამპა ამ დარტყმებს „სირცხვილი“ უწოდა. ზელენსკიმ კი უპასუხა, რომ ის „უბრალოდ უკრაინის ინტერესებს იცავს.“
გასულ კვირას კომპანია Starlink-მა მოულოდნელად შეზღუდა სიჩქარე, რომლითაც უკრაინულ დრონებს შეეძლოთ ფრენა ისე, რომ ინტერნეტკავშირი არ დაეკარგათ. უკრაინის ცნობით, ამან ხელი შეუშალა ბრძოლის ველზე გარკვეული მისიების შესრულებას და გაართულა კიევის შესაძლებლობა, თავი დაეცვა რუსული თავდასხმებისგან.
ამ შეფერხების პერიოდში რუსეთმა უკრაინაზე რამდენიმე ძლიერი იერიში მიიტანა; როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე მთავრობა აცხადებენ, რომ თავდასხმები ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდა.
ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობები გასულ კვირას დაიძაბა, მას შემდეგ, რაც აშშ-მ რუსული დიზელის იმპორტის შესახებ საკამათო შეთანხმებას მიაღწია. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება აშშ-ის მიერ რუსეთის საომარ ძალისხმევაში ინვესტირების ტოლფასი იყო.
მას შემდეგ ტრამპმა და ზელენსკიმ ერთმანეთის მიმართ მკაცრი განცხადებები გაცვალეს. უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ სასიამოვნოა „ნამდვილ ლიდერებს“ შორის ყოფნა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკისთან უფრო რთულია ურთიერთობა, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
როგორც BBC წერს, ტრამპი თვეების განმავლობაში ებრძოდა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებს, რამაც აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ საწვავის ფასები მკვეთრად გაზარდა. ინფლაციის ზრდამ ტრამპის რეპუტაცია ამერიკელი საზოგადოების თვალში გააუარესა.