სავარაუდოდ, თურქეთი საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფს გაუძვირებს - ენერგეტიკის აკადემიის წევრი

ენერგეტიკის აკადემიის წევრის პაატა ცინცაძის განცხადებით, თურქეთში ატომური ელექტრო სადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თურქეთი სავარაუდოდ, საქართველოს ელექტროენერგიას გაუძვირებს, რადგან ატომური სადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ღირებულება 20-22 ცენტი იქნება..

როგორც Europetiem-ს პაატა ცინცაძემ განუცხადა, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად 1.5 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას შეისყიდის, სამი ქვეყნიდან - თურქეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. საქართველო წლიურად 12 მილიარდამდე კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს.

მისი თქმით ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში მძლავრი ჰესი არ აშენეებულა და ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო ბოლო წლებში, იმპორტიორ ქვეყნად იქცა, რის გამოც სხვა ქვეყნებიდან ენერგომომარაგებაზეა დამოკიდებული.

„უკვე 15 წელია, თურქეთში ელექტრო ატომური სადგურის პროექტს ამუშავებენ. რა ინფორმაციაც ვრცელდება, აღნიშნული სადგური საკმაოდ ძვირ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, როგორც მე ვიცი, კილოვატ საათის ღირებულება 20-22 ცენტი იქნება. რაც, შესაძლოა, საქართველოს მიერ თურქეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფზეც აისახოს და ტარიფი გაძვირდეს.

გარდა იმისა, რომ შესაძლოა იმპროტირებული ელექტროენერგია გაგვიძვირონ, თურქეთეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზიც უფუნქციოდ გვრჩება. ატომური ელექტრო სადგურის აშენების შემდეგ, საქართველო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგება. ჩვენ შეიძლება თურქეთის სახით, ელექტროენერგიის ტრადიციული საექსპორტო ბაზარი დავკარგოთ, რომლის გამოც აშენდა სპეციალური ელექტროგადამცემი ქსელი, თავისი მუდმივი დენის ჩანართით. ამ ქსელით, აზერბაიჯანს და რუსეთს თურქეთში, საქართველოს გავლით ტრანზიტულად გააქვთ ელექტროენერგია. საიდანაც ჩვენს ქვეყანას გარკვეული შემოსავალი აქვს და შეიძლება ეს ტრანზიტიც მკვეთრად შემცირდეს,ამხელა ინფრასტრუქტურა უფუნქციო გახდეს, რომელსაც საშუალება აქვს 700 მეგავატი გაატაროს, ამ დროს არ ატარებს 20-30 მეგავატზე მეტს. თუ ჩვენ ენერგეტიკას განვავითარებთ ისე, როგორც საჭიროა, მაშინ შესაძლოა, ჩვენს ელექტროკავშირების განვითარებაზე ევროპამაც იზრუნოს და მხოლოდ ჩვენი საზრუნავი არ გახდეს“, - განუცხადა Europetime-ს პაატა ცინცაძემ.

გუშინ ღამით, თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა, საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო. რამდენიმე სათით, ენერგომომარაგება საქართველოს უმეტეს ნაწილს შეეზღუდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო ელექტროსისტემამ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის, „აკუიუს“ მესამე ენერგობლოკის მშენებლობა დაიწყეს.

პუტინის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქეთის ენერგოუსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს.ერდოღანმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნულ ენერგო ინფრასტრუქტურაში ატომური ენერგიის დამატება ენერგო მომარაგების უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული ნაბიჯია.