თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალპარსლან ბაირაქთარმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ დღეს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა უახლოეს ხანში ყველა ენერგორესურსის ექსპორტი ზანგეზურის დერეფნით განხორციელდება.
მინისტრის განცხადებით, ყველა პროექტი, რომელიც დაკავშირებულია აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების თურქეთში ექსპორტთან, მათ შორის ნავთობის, ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის, ბაქოსთან ერთობლივად განხორციელდება.
„ამ მიმართულებით მიღწეულია პროგრესი. პროექტების მაგალითად, რომელთა რეალიზაციაც დღემდე ხდება, შემიძლია, გამოვყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზურუმი, ასევე, ინტერკონექტორი ნახიჩევანი-თურქეთი.
დღეს ელექტროენერგიის ექსპორტი აზერბაიჯანიდან თურქეთში ხორციელდება საქართველოს გავლით, მაგრამ უახლოეს ხანში ყველა ენერგორესურსისა და სხვა ლოგისტიკური გადაწყვეტილებების თურქეთში მიწოდება მოხდება ზანგეზურის დერეფნით. ამასთან, ენერგორესურსები და ლოგისტიკური გადაწყვეტილებები ცენტრალურ აზიაში იქნება მიწოდებული თურქეთში აზერბაიჯანის გავლით, ხოლო თურქეთის გავლით – ევროპაში,“ – განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.