საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზები შუა დერეფნის მმართველ კომპანიაში ჩინური CRCT-ის ჩართვაზე შეთანხმდნენ

ბაქოში, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარეს როვშან რუსტამოვს, საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს დავით აბაშიძესა და ყაზახეთის საბჭოს თავმჯდომარეს თემირ ჟოლი ტალგატ ალდიბერგენოვს შორის შეხვედრა გაიმართა.


მონაწილეებმა ერთობლივი საწარმოს (Middle Corridor Multimodal Ltd) საქმიანობა განიხილეს.

მთავარი საკითხი პროექტში China Railway Container Transport Corp. Ltd.-ის (CRCT) მიერთება იყო, რომელიც China Railway-ის შვილობილი კომპანიაა.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მისი მონაწილეობა გააძლიერებს აღმოსავლეთ-დასავლეთ-აღმოსავლეთის ტვირთბრუნვას და გაზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ საწარმოში CRCT-ის შესვლის შესახებ ოქმს ხელი მოეწერა.


აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, მარშრუტზე ტრანსპორტირება სწრაფად იზრდება: იანვარ-ივლისში, ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით, 225 ბლოკ-მატარებელმა (24 ათასი TEU) იმოძრავა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2025 წლის ბოლომდე 400-ზე მეტი მატარებლის გადაადგილებაა მოსალოდნელი.


ცნობისთვის, Middle Corridor Multimodal-ი ერთობლივი კომპანიაა, რომელიც "შუა დერეფანს" მართავს და ავითარებს.  ეს არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც კოორდინაციას უწევს გადაზიდვებს შუა დერეფანში რკინიგზით, ზღვითა და სხვა ტრანსპორტით.


შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.