NATO-ს გენერალურმა მდივანმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს ცალკე ქვეთავი მიეძღვნა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში 16 მარტს გამოქვეყნდა.
ანგარიშში შეჯამებულია ალიანსის მიერ 2020 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობები, მათ შორის NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში საქართველო თავდაპირველად ნახსენებია NATO-ს ღია კარის პოლიტიკის ქვეთავში. აღნიშნულია, რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების დამფუძნებელ პრინციპს და ალიანსის ყველაზე დიდ და ხელშესახებ წარმატებას ბოლო წლების განმავლობაში.
გენერალური მდივნის ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეძღვნება საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს, სადაც ხაზგასმულია განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა, რომელიც დამტკიცდა 2020 წელს. ასახულია, რომ განახლებული პაკეტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის კიბერ ლაბორატორიის განვითარებას, NATO-ს და საქართველოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დამყარებას, სამხედრო ინჟინრების სწავლებასა და გაუმჯობესებული ინფორმაციის გაცვლას საზღვაო და საჰაერო სივრცეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ამასთან საგულისხმოა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი გამოკვეთილია ანგარიშის შეკავების, თავდაცვისა და დიალოგის პოლიტიკის თავში, სადაც ხაზგასმულია 2020 წელს შავ ზღვაზე ალიანსის გააქტიურების მნიშვნელობა და ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის ანგარიში ასახავს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, როგორც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. დოკუმენტში ასევე ყურადღება გამახვილებულია საქართველოს განსაკუთრებულ როლზე NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით.