NATO-ს და ევროკავშირის წევრი ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ილიანა იოტოვამ ხმების 57.57%-ით გაიმარჯვა.
ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ, იოტავამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 57.57 პროცენტი მოიპოვა. მისმა ოპონენტმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი გიუროვმა 39.48 პროცენტი მიიღო. გიუროვმა მეორე ტურში დამარცხება აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ შედეგები მისთვის მოულოდნელი იყო. ის უკრაინის დახმარებისა და ევროკავშირსა და NATO-სთან კავშირების განმტკიცების მომხრეა.
ბულგარეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ლაიენმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ილიანა იოტოვას ულოცავს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და ელოდება მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის და კონკურენტუნარიანობისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საკითხებში.
ილიანა იოტოვა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რადევის მსგავსად რუსეთთან დიალოგის მომხრეა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება. ბულგარეთი ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც რჩებიან რუსული ბუნებრივი გაზის მომხმარებლებად. ბულგარეთზე გადის მილსადენიც, რომლითაც გაზის ტრანზიტი ხორციელდება უნგრეთსა და სლოვაკეთშიც.