აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭო: 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩარევას ცდილობდა

აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭოს ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ არჩევნებში ჩარევას ცდილობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და იუწყება, რომ შესაძლოა, მოსკოვს მომავალ კვირაში სანქციები დაუწესდეს.

გამოცემის ინფორმაციით, 15-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთი ავრცელებდა უსაფუძვლო ბრალდებებს მაშინდელი დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის შესახებ.

ბაიდენის საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პირები, მათ შორის უკრაინელი დეპუტატი ანდრეი დერკაჩი.

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტომ და ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა რობერტ მიულერმა მანამდე დაასკვნეს, რომ რუსეთი ასევე ერეოდა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში.