ტრამპი: ირანთან შეთანხმება აღარ გვჭირდება, მათი ფული და სრუტეც ჩვენს ხელშია

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონს ირანთან შეთანხმება აღარ სჭირდება. მისი თქმით, აშშ-ს თეირანზე მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტები აქვს, მათ შორის — ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი.


„ირანთან შეთანხმება არ გვჭირდება. ის დრო დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა,“ — დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე.


მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა ხელში ჩაიგდო ირანის ფინანსური აქტივები და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე კონტროლი.

„მათი ფული — ასობით მილიარდი დოლარი — ჩვენთანაა, ისევე როგორც მათი სრუტე!“ — განაცხადა ტრამპმა.


პარალელურად, ირანის პარლამენტის სპიკერის და მთავარი მომლაპარაკებლის თქმით, აშშ-სა და ისრაელთან კონფლიქტის შემდეგ ჰორმუზის სრუტის მართვა ომამდელ პერიოდს აღარ დაუბრუნდება.


მისი თქმით, თეირანი და ომანი თანხმდებიან, რომ სრუტის რეგულირება სანაპირო სახელმწიფოების იურისდიქციაში შედის და ნაოსნობის წესები სწორედ ირანმა და ომანმა უნდა განსაზღვრონ.


ომის დასასრულებლად თეირანმა ვაშინგტონს შვიდპუნქტიანი წინადადება გაუგზავნა, რაც აშშ-ის საზღვაო ბლოკადისა და სანქციების მოხსნას, გაყინული აქტივების განბლოკვას, ყველა ფრონტზე საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და ომის ოფიციალურად დასრულების გამოცხადებას ითვალისწინებს. თეირანი აშშ-ის პასუხს კატარის შუამავლობით ელოდება.


ჰორმუზის სრუტე, რომელიც ენერგომატარებლების გადაზიდვის უმნიშვნელოვანესი გლობალური მარშრუტია, დიდი ხანია, ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის კერას წარმოადგენს. ამ საზღვაო გზაზე არსებული ვითარება უდიდეს გავლენას ახდენს ნავთობის საერთაშორისო ბაზრებსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე.