რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან „კონტაქტი უკვე დამყარებულია.“
რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვს ზურაბაშვილთან მოლაპარაკებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს.
„გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დავამყარეთ. მისი რუსი ვიზავიც განსაზღვრულია - ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს. რუსეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას,“ - განუცხადეს გამოცემას რუსეთის საგარეო უწყებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, მომლაპარაკებლები ყურადღებას გაამახვილებენ ვაჭრობის, ტურიზმის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურული გაცვლების გაფართოებაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ გარკვეული მიმართულებებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს - მათ შორის, სოფლის მეურნეობის უწყებების წარმომადგენლები აგროპროდუქციის ორმხრივი მიწოდების გამარტივებაზე მუშაობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო-რუსეთის სპეცწარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა მალე გაიმართება. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ ცნობილი გახდება.
მისი თქმით, საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს შორის ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და ყველა თემაზე იქნება საუბარი.
„რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი - ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება [საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არ აღიარების] არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება.
რაც შეეხება ურთიერთობებს ჩვენს სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და ყველა თემაზე იქნება საუბარი. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.