,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ოპოზიციისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც ბაქრაძე აცხადებს, მოლაპარაკებების ყველა შეხვედრის კონკრეტულ შემადგენლობას განსაზღვრავს ევროპული მხარე და მათი მოთხოვნაა, რომ პარტიიდან ერთი ადამიანი იყოს წარდგენილი, ამიტომაც ,,ევროპულ საქართველოს" გიგა ბოკერია წარმოადგენს.
ბაქრაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ის მალე პარტიას დატოვებს.
"მინდა წინასწარ განვმარტო მიზეზი, რატომ არ მივიღებ მონაწილეობას დღეს ბატონ დანიელსონთან ჩანიშნულ მოლაპარაკებებში.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების ყველა შეხვედრის კონკრეტულ შემადგენლობას განსაზღვრავს ევროპული მხარე, როგორც პროცესის მედიატორი და მასპინძელი. სწორედ მათი გადაწყვეტილებაა, დღევანდელ შეხვედრაში ყველა პარტია მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენლით.
ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად, ასეთ მომენტში წარმოვადგენდე პარტია “ევროპულ საქართველოს”, რომლის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ ვაცნობე საზოგადოებას.
მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრთა თხოვნით, პარტიის აპრილის ყრილობამდე ჯერ კიდევ ვითავსებ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, პარტიიდან ფაქტობრივად უკვე წამოსული ვარ და აღარ ვერევი პარტიული პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში.
ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, პარტიის სახელით არ მივიღო მონაწილეობა დღევანდელ მოლაპარაკებებში. პარტიას წარმოადგენს გიგა ბოკერია, რომელიც, როგორც ცნობილია, აპირებს “ევროპული საქართველოს” ლიდერად დარჩენას.
წარმატებულ მოლაპარაკებებს ვუსურვებ ჩემს თანამებრძოლებს და კოლეგებს. მოლაპარაკებების დღევანდელ რაუნდზე მიღწეული შედეგების თაობაზე ჩემს პოზიციებსა და შეფასებას აუცილებლად ვაცნობებ საზოგადოებას. აქვე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემი პოლიტიკური და პიროვნული რესურსით ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს წინსვლა, დემოკრატია, სტაბილურობა და ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დადგეს." - წერს ბაქრაძე Facebook-ზე.