უკრაინის განცხადებით, ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილი განადგურებულია

უკრაინამ ყირიმის ხიდზე მიიტანა იერიში, რასაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპრეცედენტო დარტყმა უწოდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, ერთ-ერთი ლითონის თაღი და მის ქვეშ არსებული საავტომობილო ნაწილი მთლიანად განადგურდა.


უწყებაში განმარტავენ, რომ ოპერაცია, მთლიანობაში, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შვიდი ეტაპისგან შედგებოდა. თავდაპირველად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და თავდაცვის ძალებს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემები სისტემატურად მწყობრიდან გამოჰყავდათ.


მოგვიანებით ხიდზე უშუალო დარტყმები დაიწყო. ზოგიერთი მათგანი უსაფრთხოების სამსახურმა დამოუკიდებლად განახორციელა. საბოლოო ეტაპზე უსაფრთხოების სამსახურს უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებიც შეუერთდნენ.


უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმ „ალფას“ მებრძოლებმა ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილს „პალიანიციის” ტიპის დრონ-რაკეტებით ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის წყალში ჩავარდა.


„ოკუპანტებისთვის ეს დარტყმა სიმბოლური არ არის. ხიდი იყო მთავარი არტერია, რომლის გავლითაც ნახევარკუნძულზე და უკრაინის სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზე საწვავი, საბრძოლო მასალა, ტექნიკა შეჰქონდათ და პირადი შემადგენლობა შეჰყავდათ. შემოდგომაზე ჩონგარისა და გენიჩესკის ხიდები განადგურდა, ახლა ქერჩის ხიდის ჯერიც დადგა.


ოკუპანტებს ყირიმთან დამაკავშირებელი სულ უფრო ნაკლები სახმელეთო მარშრუტები რჩებათ. ხიდზე მოძრაობის შეწყვეტის ყოველი საათი ნიშნავს, რომ სამხრეთში განლაგებული რუსული დაჯგუფებები ვერ იღებენ საჭირო რაოდენობის იმ რესურსებს, რომელთა გარეშეც ბრძოლა არ შეუძლიათ.


უკრაინის თავდაცვის ძალები ახორციელებენ თვითდაცვის უფლებას, რომელიც გაეროს წესდების 51-ე მუხლით არის გარანტირებული. ისინი სისტემატურად ანადგურებენ მოწინააღმდეგის სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალს და აიძულებენ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა. გაგრძელება იქნება,” - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.


„დღეს ყველას შეუძლია, საკუთარი თვალით დაინახოს შედეგები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან ჩვენს უკრაინულ ყირიმში მთავარ სამხედრო გადასასვლელს შეეხო, - თავის მხრივ, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.


მისი განმარტებით, ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე რეაგირება იყო.


“მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა ჩართულ ქვედანაყოფს, უკრაინის თავდაცვის მინისტრს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალსა და გენერალურ შტაბს, ასევე - ჩვენი იარაღის ყველა მწარმოებელს იმ უპრეცედენტო ოპერაციისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან ჩვენს ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებს მოჰყვა. დღეს ყველას შეუძლია დაინახოს შედეგები, რაც რუსეთის ტერიტორიიდან ჩვენს უკრაინულ ყირიმში მიმავალ მთავარ სამხედრო გადასასვლელს შეეხო.


ეს არის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ოპერაციის მეშვიდე ეტაპის შედეგი; ოპერაციისა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან ერთად შეიმუშავა და კოორდინირება გაუწია. საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე ჩვენმა მეომრებმა თანმიმდევრულად გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და სხვა განსაზღვრული სამიზნეები. ამისთვის მათ გამოიყენეს: „დოვბუში“, „ვენდეტა“, „და ვინჩი“, „სიჩენი“, „მიჩ-2000“, „რუტა“, „პალიანიცა“, „ან-197“, „FP-1“, „FP-5 ფლამინგო“ და „R-360 ნეპტუნი,“ - წერს ზელენსკი.


მისი ინფორმაციით, ხიდის საავტომობილო გზის მონაკვეთს „პალიანიცას“ ტიპის დრონებით შეუტიეს, „ნეპტუნის“ რაკეტებით, „რუტასა” და FP-5 დრონებით კი - სარკინიგზო მონაკვეთს. „ფლამინგოს“ გამოყენებით კი უკრაინელებმა მაღალი სიზუსტის დარტყმა განახორციელეს.


“არაერთხელ შევთავაზეთ რუსეთს, გადაედგა ნაბიჯები დეესკალაციისკენ, თუმცა თითოეულ ჩვენს წინადადებას ხმამაღალი უარყოფა მოჰყვა. რუსეთი ყოველდღიურად უტევს ჩვენს ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდებს ზაპოროჟიეში, დნიპროში, კიევსა და ოდესის ოლქში. ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ინფრასტრუქტურას. ამასთან, რუსეთს იმასაც შევახსენებთ, რომ ომი ყოველთვის იქ დაბრუნდება, საიდანაც დაიწყო. უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები ძლიერია და ასეთადვე დარჩება. ჩვენ არასოდეს დავტოვებთ უპასუხოდ ჩვენი ქალაქებისა და მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ტერორს,” - წერს ზელენსკი.


კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი არ გამორიცხავს, რომ კიევის მიერ ყირიმის ხიდზე განხორციელებულ თავდასხმასა და რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების დაგეგმილ შეხვედრას შორის კავშირი იყოს. მისივე თქმით, ამ ნაბიჯით კიევი საკუთარი პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობს. ამასთან, პესკოვმა ყირიმის ხიდზე თავდასხმას „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.


ცნობისთვის, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს