უკრაინის ომში ახალი ფრონტი გაჩნდა — მიწისქვეშეთში. BBC-მ ამ თემაზე რეპორტაჟი მოამზადა.
კერძოდ, უკვე შვიდი თვეა, რაც უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ძველ საბჭოთა გაზსადენში ცხოვრობენ და რუსულ ჯარებს ებრძვიან.
მილსადენის დიამეტრი მხოლოდ ერთ მეტრზე ოდნავ მეტია, ამიტომ იქ გადაადგილება მხოლოდ ხოხვითაა შესაძლებელი. სამაგიეროდ, ეს ადგილი შედარებით უსაფრთხოა დრონებისგან, რომლითაც ახლა ფრონტის ხაზის თავზე ცა სავსეა — ეს თავის მხრივ, ორივე მხარისთვის წინსვლას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
„მიწისქვეშ გადასვლა ახლა ერთადერთი გამოსავალია,“ - ამბობს ბრიტანულ მაუწყებელთან რესპონდენტი, რომ უკრაინის ამ „გვირაბის ოპერაციის“ დაგეგმვაში მონაწილეობდა და მას ბრძოლის სრულიად ახალ სამყაროს უწოდებს. ამასთანავე, ისიც აღიარებს, რომ ეს ბრძოლა ძალიან რთულია.
ხარკოვის ოლქში მდებარე ამ მიწისქვეშა ბრძოლის ველამდე მისასვლელი გზა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ საფრთხეებს, რომლებიც ზედაპირზე არსებობს: ღია მინდვრებზე ავტომობილით სწრაფი გადაადგილება, რასაც ტალახიან ნიადაგზე ხანგრძლივი ფეხით სვლა მოსდევს. ამ პროცესში უკრაინელი სამხედროები მზადყოფნაში არიან — მათი იარაღი დატენილია და ნებისმიერ მომენტში მზად არიან, რუსული დრონები ჩამოაგდონ.
„გვირაბის შესასვლელთან მისვლისას, პირველი, რაც თავს დაგატყდებათ, გაზის და ჰაერში გაფანტული საშინელი სუნია.
ორივე მხარე მილსადენში არსებულ ღიობებს ზედაპირზე ამოსასვლელად იყენებს; სწორედ ზედაპირზე მიმდინარეობს ბრძოლების უმეტესი ნაწილი. მათ მიწაში ხვრელები გააკეთეს, სქელი ფოლადის გასარღვევად კი შედუღების აპარატები გამოიყენეს. რუსები პირველები იყვნენ, ვინც მილსადენი 2025 წლის სექტემბერში ქალაქ კუპიანსკში შესაღწევად გამოიყენეს. მათ მიწისქვეშა მილსადენები მანამდეც გამოუყენებიათ — 2024 წელს, ქალაქ ავდეევკას აღებისას, და გასულ წელს, რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიების ხელახლა დაკავების მცდელობისას.
თუმცა უკრაინულმა ძალებმა ვითარება თანდათან თავის სასარგებლოდ შემოატრიალეს.
ჩვენი დანიშნულების ადგილი მილსადენის ის მონაკვეთი იყო, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შესანახად მიწისქვეშა სათავსები მოაწყვეს; აქ მხოლოდ ფეხზე დგომა შეიძლება. სწორედ აქედან ხელმძღვანელობს ჯარისკაცებისა და მარაგების გადაადგილებას ადამიანი, რომელსაც „მუსიკოსს“ ეძახიან. ის თხუნელასავით ცხოვრობს; სახე სულ ჭუჭყითა და მიწით აქვს დაფარული.
„მუსიკოსი“ მიყვება, რომ აქ უკვე სამი თვეა, რაც იმყოფება; ზედაპირზე მხოლოდ ხანმოკლე დროით ამოდის... დროდადრო ზემოდან საარტილერიო ჭურვების აფეთქების ხმა გვესმის. „მუსიკოსი“ მეუბნება, რომ კონტაქტის ხაზთან ახლოს ვართ: „მაგრამ მიწისქვეშ უსაფრთხოა.“
უკრაინას მილსადენის 15-კილომეტრიანი მონაკვეთის გასათავისუფლებლად შვიდი თვე დასჭირდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს წარმატებად შეაფასა. ამან ხელი შეუწყო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და აამაღლა მებრძოლთა სულისკვეთება, თუმცა თავისთავად, ომის მიმდინარეობა არ შეუცვლია,“ - წერს BBC.