The Atlantic: კუშნერი უკრაინისთვის იარაღის მიმწოდებელი თავდაცვის კომპანიების ინვესტორი აღმოჩნდა

The Atlantic-ის ცნობით, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის საინვესტიციო ფონდი, რომელიც უკრაინის საკითხებში ტრამპის წარმომადგენლად და მომლაპარაკებლად პოზიციონირებს, უკრაინისა და ირანის ომებიდან მოგებას იღებს. 


გამოცემის ცნობით, კუშნერის ფონდმა, Affinity Partners-მა, 32 მილიონი დოლარი ჩადო Arxis-ში, რომელიც გამანადგურებლების, წყალქვეშა ნავების და საჰაერო თავდაცვის სისტემების „კრიტიკული კომპონენტების“ მიმწოდებელია - ისინი რუსეთ-უკრაინის ომში გამოიყენება. ეს სისტემები ასევე გამოიყენება აშშ-ისრაელის კონფლიქტში, სადაც კუშნერი, სტივენ ვიტკოფთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციის მომლაპარაკებლად მუშაობს.


The Atlantic-ის ცნობით, კუშნერი ერთდროულად ფიგურირებს მინიმუმ სამ დასავლურ კომპანიაში, რომლებიც იარაღის წარმოებასა და სამხედრო ტექნოლოგიებში არიან ჩართულნი. მათ შორისაა ავსტრალიური კომპანია Q-CTRL, რომელიც სპეციალიზირებულია კვანტური ინფრასტრუქტურის პროგრამულ უზრუნველყოფაში, მათ შორის ნავიგაციის პროგრამულ უზრუნველყოფაში. მის შემუშავებას იყენებენ თავდაცვის სააგენტოები ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. The Atlantic-მა კომენტარისთვის ჯარედ კუშნერსა და მის წარმომადგენელს მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.


კუშნერის საინვესტიციო კომპანია Affinity Partners-ის მფლობელობაშია ისრაელის ფინანსურ ჯგუფ Phoenix Financial-ის მნიშვნელოვანი წილი. თავის მხრივ, Phoenix Financial-ს წილები აქვს ისრაელის თავდაცვის სექტორის ცხრა კომპანიაში.


„კუშნერი საჯაროდ აცხადებს, რომ მისი საქმეა „ომების დასრულება, ხალხის გაერთიანება და მშვიდობის მიღწევა“, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის და სხვა შეიარაღებული კონფლიქტების გაგრძელება მის ბიზნეს პარტნიორებს უფრო წარმატებულს ხდის,“ - წერს The Atlantic.


CNN-მა ადრე კუშნერი ინტერესთა კონფლიქტში დაადანაშაულა Phoenix Financial-თან მის პარტნიორობასთან დაკავშირებით. ტრამპის სიძე მონაწილეობდა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დასრულების მოლაპარაკებებში, მაგრამ ამავდროულად, მედიასაშუალების ცნობით, მან სარგებელი მიიღო ბრძოლის გაგრძელებიდან და ისრაელის თავდაცვის ინდუსტრიაში შეკვეთების ზრდიდან. კუშნერმა უარყო ბრალდებები, ჟურნალისტების დასკვნებს მცდარი უწოდა და განაცხადა, რომ არც მას და არც Affinity-ს პირადად არ ჰქონდათ „პირდაპირი წილები“ ​​Phoenix-ში და არანაირი გავლენა არ ჰქონდათ ისრაელის გადაწყვეტილებებზე.