მარინა კალიურანდი: ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებასა და დასკვნას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის მარინა კალიურანდის განცხადებით, იზიარებს ეუთო/ოდირის შეფასებასა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული და სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ამომრჩევლის მიერ მიღებული მანდატით მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერმა ისარგებლა. ამის შესახებ კალიურანდიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა

„ჩემი მოწოდება ეხება ორივე მხარეს, რა თქმა უნდა ორივე მხარემ უნდა იპოვოს კომპრომისი. ვწუხვარ, რომ ევროპული პარლამენტი ვერ მონაწილეობდა არჩევნების დაკვირვების პროცესში, მაგრამ მე ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებასა და დასკვნას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. წერტილი. ასე რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა საკუთარი სურვილი, მანდატი მიანდო კონკრეტულ პოლიტიკოსებს „ქართული ოცნებიდან“, „ნაციონალური მოძრაობიდან“, სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, რომ შევიდნენ პარლამენტში, აიღონ მანდატები და დაიწყონ საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ მუშაობა. სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციურ პარტიას არ უსარგებლია ამით, მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერმა დაიკავა ადგილი.

ეს ადგილები არ არის შევსებული, როგორც ეს ქართველ ხალხს სურდა. კომპრომისები შესაძლოა გულისხმობდეს არაპოპულარულ ნაბიჯებს, მაგრამ საჭიროა კომპრომისი ორივე მხრიდან. ვერ მოითხოვ დათმობას მხოლოდ ერთი მხრიდან. შეთანხმება არის კომპრომისი, კომპრომისი ზოგჯერ გულისხმობს არაპოპულარულ ნაბიჯებს, თუ ეს არის ქვეყნის გრძელვადიან ინტერესში. მე არ შევალ დეტალებში, არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ვურჩიო მხარეებს რამე კონკრეტული. ეს პოლიტიკურ ლიდერზეა დამოკიდებული, დაინახონ ის, როგორ და სად შეიძლება იყოს კომპრომისი. მიყვნენ მედიაციას და მიაღწიონ შეთანხმებას“, – განაცხადა კალიურანდმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს მარინა კალიურანდს დღეს შეხვდა.