თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პაკისტანთან და საუდის არაბეთთან “მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება” ოფიციალურად დაამტკიცა.
ამით თურქეთმა შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი დაასრულა.
სამმა ქვეყანამ ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას ხელი აგვისტოში, მექაში მოაწერა. დღეს და ხვალ მხარეებს შორის ისლამაბადში შეხვედრებია დაგეგმილი.
თურქეთის პარლამენტმა 5 ნოემბერს მოახდინა შეთანხმების რატიფიცირება, რითაც ანკარას გზა გაეხსნა, სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს ერ-რიადს — იმ ფონზე, როდესაც იემენში მოქმედი, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი მებრძოლები საუდის არაბეთს უტევენ. შეთანხმების თანახმად, ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმა ყველა მხარეზე თავდასხმად მიიჩნევა. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა გასულ თვეში Reuters-ს განუცხადა, რომ თურქეთი პარლამენტს ასევე წარუდგენდა მანდატს, რომელიც ამ შეთანხმების ფარგლებში საუდის არაბეთში სამხედრო მოსამსახურეების განთავსების უფლებას იძლევა.
თურქეთს NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის სიდიდით მეორე არმია ჰყავს. საუდის არაბეთი მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია; პაკისტანი კი ერთადერთი მუსლიმური სახელმწიფოა, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს.