ამერიკელმა მილიარდერმა ტოდ ბოულიმ რუსულ „ლუკოილთან“ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობის მონაწილეობით შექმნილი კონსორციუმი კომპანიის საერთაშორისო აქტივებს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების სანაცვლოდ შეიძენს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ლუკოილის“ უცხოური აქტივები დაახლოებით 40 ქვეყანაში ოპერაციებს მოიცავს, მათ შორის ნავთობის საბადოებს აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, ასევე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებს.
შეთანხმებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისა და OFAC-ის (უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი) თანხმობა სჭირდება. გარიგების შედეგად, აშშ მომავალ მოგებაშიც მიიღებს წილს. გარიგების დასრულებას შესაძლოა, ერთი წელი დასჭირდეს.
როგორც სააგენტო წერს, ბოულის ჯგუფმა წარმოადგინა გარიგების სქემა, რომლის მიხედვითაც, „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივები აქციების სანაცვლოდ უნდა შეეძინათ. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ეს შეთავაზება თავდაპირველად უარყო. მოგვიანებით კი ამ სქემას მხარი დაუჭირა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
„ლუკოილის“ აქციებს ბევრი საერთაშორისო ინვესტორი ფლობდა, რადგან კომპანია მსხვილ განვითარებადი ბაზრების საფონდო ინდექსებში იყო წარმოდგენილი. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს აქციები გაიყინა და მათი ღირებულება ჩამოიწერა.
„ფაქტობრივად, ჩვენ, ამერიკელებისთვის უსარგებლო აქციებს ნაღდ ფულში ვცვლით, რომელიც მათვე უბრუნდებათ,“ — განაცხადა ტოდ ბოულიმ Reuters-თან საუბრისას. ბოული Eldridge-ის აღმასრულებელი დირექტორი და მფლობელია. ეს აქტივების მართვისა და სადაზღვევო ჰოლდინგური კომპანიაა, რომლის მართვაშიც 75 მილიარდი დოლარის აქტივებია.
ბოულის თქმით, აქციები გადაიცვლება რეალურ აქტივებში, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან შუა დერეფანშია განლაგებული.
„ეს აქციები შემდეგ გადაიცვლება რეალურ აქტივებში, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვან შუა დერეფანსა და მის მიმდებარე რეგიონებშია განლაგებული. დერეფანი ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს, რუსეთის სამხრეთით და ირანის ჩრდილოეთით გადის,“ — განაცხადა ბოულიმ.
გარიგების ფარგლებში გაცვლილი აქციები პირდაპირ „ლუკოილს“ არ გადაეცემა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებულ ესქრო ანგარიშზე განთავსდება. გარიგების პირობებთან დაახლოებული პირის განმარტებით, ეს აუცილებელია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის თანხმობის მისაღებად, რადგან უწყებამ რუსული კომპანიისთვის ნებისმიერი დამატებითი ფინანსური სარგებლის მიღება აკრძალა.
ბოულის განცხადებით, გარიგების დასრულებას შესაძლოა, ერთი წელი დასჭირდეს. მისივე თქმით, ერთობლივ საწარმოს სახელი შეეცვლება. თუმცა მან არ დააკონკრეტა, რა წილს მიიღებს კონსორციუმის ოთხი პარტნიორიდან თითოეული. მათ შორის არიან ამერიკული საინვესტიციო კომპანია Xtellus Partners და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული Catena Investment Holding.
კონსორციუმი გასულ კვირას ორმა პარტნიორმა დატოვა: სირიელ-კატარულმა ძმებმა ალ-ხაიატებმა და აბუ დაბიში დაფუძნებულმა International Holding Company-მ. ამის შესახებ Reuters-ს საკითხთან დაახლოებულმა ორმა პირმა განუცხადა.
კომპანია Gunvor-მა, რომელსაც მოგვიანებით Centalion ეწოდა, 2025 წელს განაცხადა, რომ „ლუკოილმა“ მისი შეთავაზება მიიღო. თუმცა კომპანიამ წინადადება უკან გაიწვია მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა მას „კრემლის მარიონეტი“ უწოდა.
რაც შეეხება Carlyle Group-ს, კომპანიამ იანვარში განაცხადა, რომ „ლუკოილთან“ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისისგან (OFAC) გარიგების განსახორციელებლად საჭირო ლიცენზია ვერ მიიღო.
ვინ არის ტოდ ბოული
აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გასულ წელს ბოულიმ დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კომიტეტს MAGA Inc.-ს 1 მილიონი დოლარი შესწირა. მიმდინარე წელს მან ასევე შედარებით მცირე შემოწირულობები გაიღო რესპუბლიკელი კანდიდატების ოთხი საარჩევნო კამპანიისთვის. წარსულში მას დემოკრატი კანდიდატებისთვისაც გაუწევია ფინანსური მხარდაჭერა, თუმცა შედარებით – მცირე ოდენობით.
ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) საქმიანობა სულ უფრო მეტად გაამახვილა ენერგეტიკის, კრიტიკული მინერალებისა და ტელეკომუნიკაციების სექტორებზე.