"არ იკვეთებოდა ჩივილი" - ჯანდაცვის სამინისტრო სასტუმრო „ანაკლიაში“ გალიდან გადმოყვანილი პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი შუახნის ქალის გარდაცვალების ფაქტს, რომელიც ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრო ეხმიანება .

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ქალს გადმოყვანის შემდეგ ელექტროკარდიოგრაფია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. შესაბამისად, სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი ჰოსპიტალიზაცია საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან "არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი".

„16 მარტს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სამედიცინო ტრანსპორტით შუახნის ქალი გადმოიყვანეს. საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ე.წ. გადასასვლელ პუნქტთან გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე შეფასდა, ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფია და შეფასდა მისი სასიცოცხლო პარამეტრები.

ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად, პაციენტის მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არ ჩათვალა საჭიროდ ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან რამე სახის ჩივილი არ იკვეთებოდა. ქალი, დადგენილი წესით, საკარანტინო სივრცეში - სასტუმრო „ანაკლიაში“ მოთავსდა. აღსანიშნავია, რომ საკარანტინო სივრცე სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობას ითვალისწინებს. პაციენტის საკარანტინო სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში, ექიმმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულ ბრიგადას შუახნის ქალი გარდაცვლილი დახვდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.