საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათის ქადაგებისას მრევლს დიდი მარხვის დაწყება მიულოცა და განაცხადა, რომ "მეორედ მოსვლა გარდაუვალია, ეს უნდა ვიცოდეთ და უნდა გავაძლიეროთ ლოცვა".
პატრიარქის თქმით, სამღვდელოებას, მთელ საქართველოს, აქვს კურთხევა რომ ყოველდღე ტაძარში შეასრულონ მცირე აიაზმის წესი. მცირე აიაზმის კურთხევის შემდეგ სამღვდელოება ასხურებს ნაკურთხ წყალს თავის სახლებს, თავის შვილებს, ოჯახს და ბოროტი აღარ მიეკარება მათ.
"გილოცავთ დიდი მარხვის დასაწყისს. ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას.
მრავალი განსაცდელი გვხვდება ჩვენ – ავადმყოფობა, ნაკლებობა. არ უნდა შეგეშინდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ ჟამს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი ძალა იგრძნობს თავის დასასრულს და გააძლიერებს ბრძოლას მორწმუნე ადამიანების წინააღმდეგ, მაგრამ, ღვთის მადლი და ძალა იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ვერაფერს გახდება.
ხშირად საუბრობენ, გადმოსცემენ პრესითა და ტელევიზიით, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გაჭირვებული ადამიანების დახმარება და ბოროტი ძალა უძლური იქნება.
ამის შესახებ კარგად აქვს ნათქვამი პავლე მოციქულს. პავლე მოციქული სწერს ეპისტოლეს მოციქულ ტიმოთეს და მინდა, ახლა წავიკითხოთ ამ ეპისტოლის ერთი თავი. კარგად დავაკვირდეთ და შინაც წაიკითხეთ. აქ ბევრი საიდუმლო იქნება ახსნილი ჩვენთვის. ახლა მოვისმინოთ ეპისტოლე პავლე მოციქულისა ტიმოთეს მიმართ II, მე-3 თავი:
1. „ხოლო ეს იცოდე, რომ უკანასკნელ დღეთა დადგომისას მოიწევა ბოროტი ჟამი;
2. რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, დედ-მამის ურჩნი, უმადლონი უღირსნი,
3. კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი,
4. გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო მეტად განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმერთისა,
5. მოსაჩვენებლად ღვთისმოსაობის მსახურნი, მაგრამ მისი ძალისაგან განდგომილნი; მათგან შორს დაიჭირე თავი.
6. რადგანაც ამათთაგანი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში, და აცდუნებენ ცოდვით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს;
7. ერთთავად რომ სწავლობენ, და ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.
8. როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენი უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას; გონებაგახრწნილი კაცნი, სარწმუნოებაში უმეცარნი;
9. მაგრამ ბევრს ვერაფერს მიაღწევენ, რადგან ამათი უგუნურება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი.
10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, განზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთბინებას,
11. დევნილობას, ვნებას, რაც დავითბინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტერში და ყველაფრისგან მიხსნა მე უფალმა.
12. და ყველა ვისაც სურს ღვთისმოსაობით იცხოვროს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება აგრეთვე.
13. ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი უარესს მოიმოქმედებენ: სხვებსაც აცთუნებენ და თავადაც შეცდებიან.
14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; იცოდე ვის მიერა ხარ განსწავლული.
15. ეგეც არ იყოს, სიყრმითვე იცნობ საღმრთო წერილს, რომელსაც ძალუძს შენი გაბრძნობა, რათა ცხონდე რწმენით, ქრისტე იესოში.
16. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო - სამოძღვრებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის სასწავლებლად,
17. რათა სრულქმნილი იყოს ღმერთის კაცი, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული (II ტიმოთე 3,1-17).
ეს ყველაფერი წერია ახალ აღთქმაში.
ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ბრძოლა მძიმე იქნება მორწმუნე ადამიანებისთვის, მაგრამ ღვთის ძალა და მადლი არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ბოროტმა გაიმარჯვოს.
ჩვენ მივეცით ლოცვა-კურთხევა ჩვენს სამღვდელოებას, მთელ საქართველოს, რომ ყოველდღე ტაძარში შეასრულონ მცირე აიაზმის წესი. მცირე აიაზმის კურთხევის შემდეგ სამღვდელოება ასხურებს ნაკურთხ წყალს თავის სახლებს, თავის შვილებს, ოჯახს და ბოროტი აღარ მიეკარება მათ.
ღმერთმა ძალა მოგცეთ. ღმერთმა ძალა და მადლი მოგვცეს! " - ილია მეორე.