კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, შეხვედრა "ძალიან მძიმე და რთული იყო".
"გრძელი, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო. მოლაპარაკება ხვალ გაგრძელდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არანაირ შედეგებზე ლაპარაკი არ შეიძლება.
„ჩვენი ამოცანა რჩება ის, რაც თქვენთვის ცნობილია - ჩვენ გვინდა მოლაპარაკება. თავისთავად ის, რომ გუშინდელი განცხადებების შემდეგ დღეს შედგა შეხვედრა და ის რომ, პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია ამ პროცესში ძალიან დიდია - ეს არის კარგი, მაგრამ შინაარსი ძალიან მძიმე იყო და ხვალ გაგრძელდება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"გირჩის" ერთ-ერთი წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ხვალ დასრულდება საკითხების განხილვა.
"ხვალ იქნება უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლითაც დავასრულებთ. შეთანხმება ყველაფერზე შეთანხმებას ნიშნავს და არა რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, შესაბამისად, არ დაგვისრულებია და შეთანხმება არ იქნება მანამდე, ვიდრე ყველაფერს არ გავივლით. დღეს მხოლოდ საკითხების ნაწილი განვიხილეთ, ხვალ დავასრულებთ განხილვას", - განაცხადა მეგრელიშვილმა.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მოლაპარაკების პროცესი მარტივად არ მიდის. შეთანხმება უნდა მოხდეს ხუთივე საკითხზე.
მთავარი რაზეც შევთანხმდით, ეს არის პრინციპი, რომ nothing is agreed until everything is not agreed - ანუ, არაფერია შეთანხმებული, ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული.
ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება. დღეს გვქონდა საკმაოდ რთული სამუშაო, ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს. იმედი მაქვს, ამ კვირაში ხუთივე საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდებით. უნდა შევთანხმდეთ პოლიტპატიმრების საკითხზეც, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზეც, საარჩევნო რეფორმაზეც, სასამართლო რეფორმაზეც, ძალაუფლების განაწილებაზეც. ყველა ამ საკითხზე შეთანხმების დოკუმენტში უნდა იყოს კონკრეტული ტექსტი და კონკრეტული გადაწყვეტილება. ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ.