თბილისის მერია ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაციას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე თვეში დაიწყება და 2021 წლის ოქტომბერში დასრულდება. პარკის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 5 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს.
თბილისში რეკრეაციული ზონები მნიშვნელოვანია, თუმცა ეს საკმარისი არაა და უნდა განვაგრძოთ საქმიანობა ამ მიმართულებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, სამგორის რაიონში ვარკეთილის ხევის რეაბილიტაციზე ტენდერი გამოცხადდა. „როგორც ვიცი, აქ წლების წინ იყო პარკი, რეკრეაციული სივრცე, თუმცა, ამჟამად ეს ტერიტორია იმდენად გაპარტახებულია, ძნელი იქნება ამ პროცესს რეაბილიტაცია ვუწოდოთ. შეიძლება ითქვას, რომ სრულებით ახალი პარკი ეწყობა. პარკის პროექტით, არსებული ბუნებრივი რესურსების, მწვანე ნარგავების შენარჩუნება და გარემოში მინიმალური ჩარევით თანამედროვე სარეკრეაციო სივრცის შექმნა იგეგმება. ტერიტორია მოიცავს 3 ჰექტარს, რომელიც დაიყოფა პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისი მერის თქმით, შეიქმნება მოსასვენებელი სივრცეები საჩრდილობლებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სასმელი წყლის შადრევნები, სკეიტ-პარკი, გადმოსახედი ბაქანი.
განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე. პარკის ტერიტორია შეივსება ახალი მწვანე ნარგავებით და მდელოს სახით გაჩნდება საპიკნიკე არეალები. გათვლილი იქნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
თბილისის მერის განცხადებით, ქალაქს რამდენიმე ტერიტორია დაუბრუნა, სადაც სკვერები და ბაღები გაშენდა.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რეკრეაციული ზონების ხარჯზე განხორციელდეს მშენებლობა. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით მშენებლობას, თუმცა ყველაფერი უნდა აშენდეს გენერალური გეგმის ფარგლებში და ურბანულად სწორად“, - აღნიშნა კალაძემ.