გიორგი ვაშაძე: არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული

"მთავარი რაზეც შევთანხმდით, ეს არის პრინციპი, რომ nothing is agreed until everything is not agreed - ანუ, არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული", - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მოლაპარაკების პროცესი მარტივად არ მიდის. მისი თქმით, შეთანხმებას ხუთივე საკითხზე უნდა მიაღწიონ.

„ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა შედგეს შეთანხმება. დღეს გვქონდა საკმაოდ რთული სამუშაო, ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას. იმედი მაქვს ამ კვირაში ხუთივე საკითხზე შევთანხმდებით. უნდა შევთანხმდეთ პოლიტპატიმრების საკითხზეც, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზეც, საარჩევნო რეფორმაზეც, სასამართლო რეფორმაზეც, ძალაუფლების განაწილებაზეც. ყველა ამ საკითხზე შეთანხმების დოკუმენტში უნდა იყოს კონკრეტული ტექსტი და კონკრეტული გადაწყვეტილება. ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა ვაშაძემ.