"ჩვენი შეშფოთების საგანია, როდესაც ვხედავთ ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარებას საქართველოში, მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას. ჩვენ გვსურს, რომ ეს დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი NATO-სთვის საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა და მოახდენს თუ არა გავლენას არსებული კრიზისი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO არის ალიანსი, რომელიც დგას ისეთ ფასეულობებზე, როგორიც კანონის უზენაესობა და დემოკრატიაა.
“NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება რამდენიმე ძირითად ღირებულებას - კანონის უზენაესობას, ადამიანის თავისუფლებას, დემოკრატიას და, რა თქმა უნდა, ეს ღირებულებები ასეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი მოკავშირეებისთვისაც. ეს არის მიზეზი, რის გამოც მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რეფორმების დანერგვას უკავშირდება. რეფორმებს არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არამედ სასამართლო და სხვა მიმართულებებითაც. NATO და მისი პარტნიორები არაერთი წელია, მიესალმებიან ამ ძალისხმევას. ეს არის ამასთანავე მიზეზი, რის გამოც პარტნიორები გამოხატავენ შეშფოთებას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთა განვითარებაც მათ საქართველოში იხილეს.
მათ შორისაა მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების საკითხიც. ჩვენ გვინდა ვიხილოთ ამ სირთულეებისა და დაპირისპირების გადაჭრა. გვსურს, რომ იყოს გამონახული გზა, რომლითაც საქართველო გააგრძელებს რეფორმების იმპლემენტაციას და თქვენს დემოკრატიას ეყოლება ფუნქციონირებადი პარლამენტი. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ მედიაციის პროცესს, რომელიც ევროკავშირის ლიდერობით მიმდინარეობს. მე და ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ეს საკითხი დღეს ჩვენს შეხვედრაზეც განვიხილეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორები ბატონ ირაკლისთან მომდევნო შეხვედრებზეც გაამახვილებენ ამ საკითხებზე ყურადღებას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან უკვე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მხრიდან მედიაციის გაგრძელებას ნატო აქტიურად უჭერს მხარს.