არჩილ თალაკვაძე: ვადამდელი არჩევნები საფუძვლის გარეშე არ ინიშნება

"ვადამდელ არჩევნებზე ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იცით. არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ინიშნება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ძირითადი დრო ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების განხილვაზე დახარჯეს.

"ვადამდელ არჩევნებზე ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იცით. რა თქმა უნდა, არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ინიშნება. ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ ერთად შეგვესწავლა, თუნდაც მათი ხელმძღვანელობით გამოგვეძიებინა ფაქტები, რაზეც ისინი აპელირებდნენ და ბრალდება, რომელსაც ისინი ასახელებდნენ. ამაზე უარი თქვეს, ამიტომ დღეს ჩვენ უკვე გადასული ვართ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო მომავალ რეფორმებს. ძირითადი ძალისხმევა, ძირითადი დრო ჩვენ დავხარჯეთ სწორედ ამ საკითხებისა და ამ რეფორმების განხილვაზე", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.