უკრაინაში სასულიერო პირების ნაწილმა AstraZeneca-ს ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა სვიატოსლავ შევჩუკიმ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიხაილოვსკის ოქროს გუმბათოვანი მონასტრის არქიმანდრიტმა, ლავრენტი ჟივჩაკმა.
16 მარტს სასულიერო პირები კიევში შეიკრიბნენ და მრევლს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდეს.
"არ არსებობს რელიგიური საფუძველი ვაქცინაციაზე უარის თქმის შესახებ", - თქვა ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა.
"ეკლესია არ უარყოფს და იღებს ვაქცინაციას, ამ საშინელი დაავადების გავრცელების გადასალახად ან, თუნდაც შესაზღუდად", - განმარტა არქიმანდრიტმა, ლავრენტი ჟივჩაკმა.