საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირს საპრეზიდენტო არჩევნები არ დაურეგისტრირა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს რაგბის კავშირს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ დაურეგისტრირა.

10 მარტს, რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.

ყრილობიდან ერთ კვირაში რეესტრმა მორიგი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.

თუ იანვრის დასაწყისში, ირაკლი აბუსერიძის დაურეგისტრირებლობის მიზეზად ყრილობის უკანონოდ ჩატარება დასახელდა, ამჯერად, საჯარო რეესტრი ტყემალაძისა და ახალი გამგეობის არჩევას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს და დარღვევად მიიჩნევს იმას, რომ 10 მარტის ყრილობაზე რაგბის კავშირს წესდების შეცვლის უფლება არ ჰქონდა.

„ყრილობაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები რაგბის კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებით, შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, არ არსებობს მათი რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.

რაც შეეხება ახალი წესდების რეგისტრაციას - ვინაიდან ეს საკითხი არ იყო ყრილობის დღის წესრიგში შეტანილი, ყრილობის მიერ ის მიღებულია კანონმდებლობისა და კავშირის მოქმედი წესდების დარღვევით.

შესაბამისად, წესდების რეგისტრაციის მიზნით წარმოსადგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული კანონმდებლობისა და რეგისტრირებული წესდების თანახმად შედგენილი და დარეგისტრირებული სარეგისტრაციო დოკუმენტი“,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელ ვადად საქართველოს რაგბის კავშირს 30 კალენდარული დღე განესაზღვრა.