დღეს შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიები - ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთის ფედერაციის ნაწილად გამოაცხადა.
2014 წლის 18 მარტს ვლადიმირ პუტინმა "ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით" ბრძანებას მოაწერა ხელი, შედეგად, ანექსირებული ყირიმი სევასტოპოლთან ერთად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დე ფაქტოდ შევიდა.
მანამდე, 16 მარტს, პრო-რუსი სეპარატისტების ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც ორ კითხვას ითვალისწინებდა - „უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტად? უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?“. ხმის მიმცემთა დაახლოებით 96%-მა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმი და, შესაბამისად, მისი შედეგები ლეგიტიმურად არ ცნო გაერომ, ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, საქართველომ;
ანექსირებულ ყირიმში ამ თარიღს კონცერტით აღნიშნავენ.