"სულ ასოცირების საბჭოს 6 შეხვედრა ჩატარდა და ის დეკლარაცია, რომელიც მიღებული იყო შეხვედრის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ასოცირების საბჭოს შეხვედრა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო.
როგორც ზალკანიანმა აღნშნა, ერთობლივ დეკლარაციაში საუბარია საქართველოს ევროპულ მისწრაფებასა და ევროპულ არჩევანზე.
მინისტრის თქმით, ეს არის სწორედ ის განზომილება, ის მიმართულება, რომელიც ძალიან წაგვადგება და დაგვეხმარება ჩვენი მიზნის განხორციელებაში, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
დავით ზალკალიანის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც დეკლარაციაში აისახა, ისაა, რომ ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ როლს, როგორც დამაკავშირებელს ევროკავშირსა და რეგიონს შორის.
„სულ ჩატარდა ასოცირების საბჭოს 6 შეხვედრა და ის დეკლარაცია, რომელიც მიღებული იყო შეხვედრის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია შინაარსიდან და იმ შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით.
ჩვენ გვაქვს ყველა მიმართულებით უმაღლესი შეფასებები და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს თანამშრომლობის იმ დონეს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. მინდა, რამდენიმე ძირითად მომენტზე შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს დეკლარაცია შინაარსის თვალსაზრისით არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული.
ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მზაობას, საქართველო კიდევ უფრო აქტიურად იყოს დაკავშირებული ევროკავშირთან, მოხდეს ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ინტეგრაცია ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ის ფაქტი, რომ დეკლარაციაში ეს მიმართულებები არის ასახული, კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია, რადგანაც აქტიურად ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, სადაც ევროკავშირს განსაზღვრული აქვს იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც პროგრესს აჩვენებენ, კიდევ უფრო მეტი ხელშესახები პროგრესი დაიდოს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.