"საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ დეტალურად ნიღბის ტარების პროცესზე. მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ, ერთობლივად მოვუწოდოთ, რამდენად დადებითი შედეგის მომტანია სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება.
აღვნიშნეთ ასევე ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, საქართველომ, ასევე მსოფლიომ შეძლოს და დაძლიოს ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღესდღეობით ვართ.
საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებებს.
ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციისა და ნიღბების ტარებას და ამის მეტად მოწოდებას სხვადასხვა ქადაგებაში და თვითონ სინოდისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს პოზიცია, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა.
ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, საპატრიარქოს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა საფუძვლებს ემყარება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ ვაქცინის შერჩევასთან დაკავშირებით. რამდენად უსაფრთხოა ის მოსახლეობისთვის, რა ტექნოლოგიებს ემყარება ვაქცინაცია და რამდენად შეიძლება იყოს ის ერთ-ერთი გამოსავალი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი გამოსავალი რომ შევძლოთ და დავძლიოთ ეს გლობალური გამოწვევა, რასაც კოვიდპანდემია ჰქვია", - განაცხადა ტიკარაძემ.