საკოორდინაციო საბჭომ კიდევ რამდენიმე შეზღუდვა შეამსუბუქა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება.

რეგულაციები მოიხსნება შემდეგ შეზღუდვებზე:

1. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინო-თეატრებს.

2. 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში.

3. 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

4. ასევე, იმართება ძიუდოში გრანდსლემი, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველ მარტს გაიხსნა მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ბათუმის რესტორნებში მუშაობა შიდა სივრცეებში განახლდა (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება.

ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ის ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.

8 მარტიდან გაიხსნა სამთო კურორტები და საბაგიერობი, რესტორნებს შიდა სივრცეებს სტუმრების მიღების უფლება მიეცათ, ხოლო ბაზრობებმა და სავაჭრო ცენტრებმა შაბათ-კვირას მუშაობა განაახლეს.